გიორგი კვირიკაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

0
867

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღესვე გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან, ასევე გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანიის ანალიტიკური წრების წარმომადგენლებთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრის დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
“გერმანია გახლავთ ევროპის უმსხვილესი ქვეყანა, მძლავრი ეკონომიკით და პოლიტიკური გავლენით, როგორც ევროპაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად მას ბევრი ეთქმის ევროპის აზრის ფორმირების პროცესში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრდაჭერა. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საუბარი შეეხება სწორედ აღნიშნულ თემებს, ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაცის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ამ რეფორმების პროცესში გერმანიის როლისა და ჩართულობის გაზრდაზე. ევროპასთან ასოცირების კუთხით გერმანიის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, ასევე დადებითად არის შეფასებული ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა. ვფიქრობთ, რომ გერმანიასთან ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბების გაზრდა და ამის პოტენციალი არსებობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერლინს სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს გერმანიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გერმანიის ბიზნესწრეებთან, ანალიტიკურ ცენტრებსა და გერმანულ მედიასთან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here