1-4 ნოემბერს, საქართველოს ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის ივლისის შემდგომ, ეს არის ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის პირველი ვიზიტი ქვეყანაში.
მათივე განმარტებით, მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები სახალხო დამცველთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ვიზიტისას მუდმივ წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთთან და დაათვალიერებენ წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებას“, – განმარტავენ საგარეო უწყებაში.