19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა

0
894

19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა. მხარეებმა 9-პუნქტიანი დოკუმენტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სირიის მთელ ტერიტორიაზე და “ისლამური სახელმწიფო” და გაერო-ს ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანილი სხვა დაჯგუფებები უნდა განადგურდეს.
სირიაში უნდა შენარჩუნდეს ერთიანი საერო სახელმწიფო, უნდა გააქტიურდეს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა. გარდა ამისა, ჩატარდება საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ბაშარ ალ-ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგად, უნდა შეიქმნას ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სირიაში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ. პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ქვეყნები სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ზავის დადებას უზრუნველყოფენ, თუმცა “ისლამურ სახელმწიფოსთან” სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიცია ბაშარ ალ-ასადის მომავლის შესახებ კვლავ განსხვავებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ასადის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ვენაში გამართულ მოლაპარაკებებში გაეროს, ევროკავშირის, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მორიგი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here