“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” სასკოლო ქსელებისთვის ტრეინინგებს ახორციელებს

0
826

“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” სასკოლო ქსელებისთვის ტრეინინგებს ახორციელებს. “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ინფორმაციით, სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში, ცენტრმა ქსელში ჩართული მასწავლებლებისთვის რიგით მეორე ტრეინინგი დაიწყო. ტრეინინგი ერთი თვის განმავლობაში გასტანს და ეფექტური სასწავლო გარემოს, ორგანიზაციული კულტურის, პროფესიული ქცევისა და ეთიკის საკითხებს მოიცავს, ასევე მათ კავშირს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან. კერძოდ, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვართან.
აღნიშნული ტრეინინგი მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში და მისი თითეული კომპონენტის გააზრებაში დაეხმარება.
სასკოლო ქსელების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მასში 353 სკოლისგან შექმნილი 90 სასკოლო ქსელია გაერთიანებული. თითოეულ ქსელში, ტერიტორიული პრინციპით, ხუთამდე საჯარო სკოლაა გაერთიანებული და თითეული სკოლის 5 წარმომადგენელი: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და 3 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრეინინგი “თანამშრომლობა სკოლებს შორის – კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა”, რომლის ფარგლებში სკოლები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და გაანალიზეს მათი კავშირი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნებთან; შეიმუშავეს თანამშრომლობის გეგმის მონახაზი და სკოლებს შორის კომუნიკაციის სტანდარტები, ასევე განსაზღვრეს საერთო საჭიროებები და ვალდებულებები ქსელის ფარგლებში.
პროგრამაში ჩართულმა ყველა ქსელმა საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზებისა და მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის ეფექტურობის საკითხებზე კონსულტაციები გაიარა. პროგრამის მიზანია სკოლების მიერ საჭიროებების დადგენის, ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here