აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

0
909

საქართველოს პრეზიდენტის სახელით აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა ვახშამზე ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.
„ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები, მაგრამ მთავარი მაინც ის უნიკალური მეგობრობაა, რაც ჩვენმა ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს და რაც მტკიცე საფუძვლად დაედო ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს.
ყოველივე ამან თავის დროზე საშუალება მისცა საქართველოსა და აზერბაიჯანის იმდროინდელ ლიდერებს, ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს წამოეწყოთ რეგიონული თანამშრომლობის სტრატეგიული პროექტები, რომლებმაც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა ჩვენს სახელმწიფოებსა და მთლიანად ჩვენს რეგიონს.
მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით და სწორედ ერთიანობით და ურთიერთთანამშრომლობით შევძელით არსებული დაბრკოლებების გადალახვა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთერთი საკვანძო კომერციული პარტნიორი და ინვესტორია.
„აზერბაიჯანი არის გადასახადების ერთერთი მსხვილი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში.
ფართომასშტაბიანი გლობალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსი და ტანაპი ზრდიან ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობასა და პოზიციას არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო არენაზე. გარდა რეგიონის განვითარებისა აღნიშნული პროექტები ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას ემსახურებიან.
აზერბაიჯანი თავის პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის სფეროში ევროპის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ. ნავთობის, გაზისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უწყვეტი, განგრძობადი და დაცული ფუნქციონირება, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არის უზრუნველყოფილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა მხარისათვის.
ასევე წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი, ჰუმანიტარულ სფეროში.
მრავალი აზერბაიჯანელი ცხოვრობს დღეს საქართველოში და პირიქით, ქართველები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც გვევლინებიან ხიდად ამ კავშირების განმტკიცებაში”-განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მხრიდან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here