გიორგი მარგველაშვილი – საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ნებისმიერი ტიპის გამოცდას გაუძლებს

0
799

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ნებისმიერი ტიპის გამოცდას გაუძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარგველაშვილის შეფასებით, ილჰამ ალიევის ვიზიტი ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. “მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. 20 წლის წინ, იმ ძალიან დადებით ფონზე, რომელიც არსებობდა ჩვენს ერებს შორის, საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ თანამშრომლობას, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესძინა როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს და ასევე კავკასიის რეგიონს. სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანს, იმ ძალიან შორსმიმავალი გეგმების შესახებ და რომელიც გვაკავშირებს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ვისაუბრეთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის პროექტების გაღრმავების თაობაზეც“, – განაცხადა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ერთობლივ თანამშრომლობას, კერძოდ, ურთიერთობის გაღრმავებას უსაფრთხოების, სავაჭრო- ეკონომიკური, სატრანზიტო და კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით. “ჩვენი ქვეყნები და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ურთიერთობები ეფუძნება იმ კეთილმეზობლურ სულისკვეთებას, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოცდებს. მე მახსენდება 2008 წელი, რუსეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანის მაშინდელი ძალიან პრინციპული პოზიცია. მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერი ტიპის გამოცდას.

ბუნებრივია, რომ ფუნდამენტი ამ დამოკიდებულებისა გაღრმავებულია სამთავრობოთაშორისი ურთიერთობებით, იმ მნიშვნელოვანი პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ. ჩვენ მადლობელი ვართ არა მარტო პარტნიორობისთვის, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანთან, არამედ მადლობელი ვართ იმ პროექტებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს საქართველოში. აზერბაიჯანის მიერ ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის სერიოზული მხარდაჭერა და მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარება. ნებისმიერმა ქართველმა იცის რა დახმარებას გვიწევენ ჩვენი პარტნიორები საბავშვო ბაღების, ეკლესიების, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ მადლობლები ამ ურთიერთობისთვის. თავის მხრივ, ქართველი ხალხი იქნება ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here