თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა

0
1003

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
ჯაბა სამუშიას თქმით, 13 ნოემბერს საკრებულოში თბილისის მერიიდან შევიდა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი. ჯაბა სამუშიამ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა. სამუშიას თქმით, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 810 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. კერძოდ, ამ მიზნით გათვალისწინებულია 19 მილიონი ლარი, ავარიულ სახლებსა და მშენებლობებისთვის გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 9 მილიონი ლარით, განათლების – 3 მილიონი ლარით.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, თბილისში მომავალ წელს დაგეგმილია მეტროსადგურის რეკონსტრუქცია. ასევე დაგეგმილია კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგიროების რეკონსტრუქცია, რისთვისაც 7 მილიონი ლარი არის განსაზღვრული, პუშკინის ქუჩაზე იგეგმება ორმხრივი გზის მშენებლობა.
ჯაბა სამუშიამ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ორგანიზაცია აკეთებს დასკვნას, თუ როგორ უნდა განიტვირთოს საცობები გმირთა მოედანსა და 26 მაისის მოედანს შორის. ამ დასკვნის საფუძველზე შემდეგ გადაწყდება თუ რისი გაკეთება არის საჭირო, გვირაბის ახალი გზის მშენებლობის თუ სხვა კიდევ სატრანსპორტო გზის. მომავალი წლის ბიუჯეტით ასევე დაგეგმილი არის ცხრა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათ შორის შვიდი მომავალ წელსვე დასრულდება.
სამუშიას შეფასებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი თბილისელების მოთხოვნებს პასუხობს. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საკრებულოს ხარჯები მცირდება, თუმცა საუბრისას მან ვერ დააკონკრეტა რამდენი ლარით იქნება შემცირება. მისივე თქმით, 118 000 ლარით იზრდება თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის შენახვის ხარჯები.
ბიუჯეტის პროექტზე დებატები საკრებულოში დღეიდან იწყება. 20 ნოემბრამდე განხილვები მოხდება საკრებულოს კომისიებში, 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით განხილვები გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, შემდგომ დოკუმენტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელს მოაწერს და უკან დაუბრუნდება მერიას. ხოლო თუ საკრებულოს დეპუტატები დაიწუნებენ შემოსულ ბიუჯეტის პროექტს, იგი მერიას გადაეგზავნება და მერიამ საბოლოო ვარიანტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here