სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

0
948

18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. საქართველოში აგრო მიმართულების ყველაზე პრესტიჟული გამოფენა წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და საგამოფენო სივრცე მე-5, მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე ტერიტორიებზე გაიშლება.
გამოფენა საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. პირველად წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის).
საგამოფენო ცენტრის მე-11 და მე-5 პავილიონებში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰოლანდია) 140 კომპანია წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ყველა უწყება – სურსათის ეროვნული სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შპს მექანიზატორი, შპს საქართველოს მელიორაცია საკუთარ სტენდს წარადგენს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაზე კომპანიები წარმოადგენენ სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას, მანქანა–დანადგარებს, ტარასა და შესაფუთ მასალებს, სასათბურე მეურნეობის აღჭურვილობებს, სარწყავ სისტემებს, სასმელებს და კვების პროდუქტებს (ხორცი და რძის პროდუქტები, პურ–ფუნთუშეული, ჩაი, წვენები და სხვა), ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ნერგებს, თესლებს, სასუქებსა და პესტიციდებს, საკონსულტაციო სერვისს და სტრანსპორტო მომსახურებას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, გამოფენას დაესწრებიან მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.
საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here