შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

0
1225

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დუმიტრუ ბადეას და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპს შეხვდა.
მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო პრაქტიკასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის რესპუბლიკისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინციატივის ფარგლებში, სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ და ჟანგბადის ბალონების სატუმბი კომპრესორი საჩუქრად გადასცეს.
“აღნიშნული ავტომანქანა განკუთვნილია მაღალმთიან რეგიონებში სამაშველო ოპერაციებისთვის, კომპრესორი კი საველე პირობებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოიყენება. საჩუქრად გადმოცემული ტექნიკა და აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.