ქუმსიშვილის განცხადებით, ნოემბრის მშპ-ის ზრდის კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა

0
1582

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა.
“დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა – წინასწარი, ეს არის 5.3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 3%-ზე გავალთ წლევანდელ წელს უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე, ისაუბრა იმ დარგებზე, სადაც, მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით მშპ-ის განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება.
“რამდენიმე დარგია, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით ეს არის მშენებლობა, სადაც გვაქვს 30%-იანი ზრდა, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება – 30%-იანი ზრდა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა გვაქვს 15%-იანი ზრდა, კარგი ზრდაა სასტუმროებში და რესტორნებში, აქ გვაქვს 10%-იანი ზრდა და საფინანსო შუამავლობაში 9%-იანი ზრდა გვაქვს”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.