2016 წლის აპრილიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

0
1922

მასწავლებლების ხელფასები 2016 წლის 1 აპრილიდან საშუალოდ, 600-700 ლარი გახდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაზე იქნება მობილიზებული.
„ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული განათლებაზე. ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს 55%–ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი.
განსაკუთრებით მინდა შევეხო მასწავლებლების ხელფასის საკითხს. 2015 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზრდება 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით, 55 პროცენტით არის გაზრდილი.
„2012 წელთან შედარებით, 2016 წლის პროექტი უკვე 55% -ით მეტია იმ ბიუჯეტზე, რაც გვქონდა. 2012 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 640 მილიონი ლარი იყო. 2016 წელს 55%-ით იზრდება და ამას ხაზი გაუსვეს ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეხვედრაზე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პრინციპში, ერთადერთი ქვეყანა ხართ ვინც ვალდებულება აიღო და საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებით გაიღოო“, – განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, სანიკიძის თქმით, საშუალო ხელფასი ადრე 400- 500 ლარი იყო.
„რაც შეეხება მასწავლებლების ხელფასებს, აქაც გვაქვს  2012 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდაა საბაზოში. მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილში გვექნება საშუალოდ 600-700 ლარი. ეს ძალიან დიდი სხვაობაა. საშუალო იყო დაახლოებით 400, მაქსიმუმ 500 ლარი. 2017 წელს კიდევ გვაქვს დაგეგმილი ზრდა, რომელიც უკვე, საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს მასწავლებლის ხელფასსაც გაუთანაბრებს“, – განაცხადა სანიკიძემ.