რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან შესაძლოა გათავისუფლდნენ

0
1475

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს.

მისი თქმით, საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება აქტიურად განიხილება.
„მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას საქართველოში. კერძოდ, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. ანუ, მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას.
„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ უკვე მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტნიორობის შენარჩუნება და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება უკვე მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობაზე და გადაგზავნილი იქნას პარლამენტში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით გარკვეული კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს.