საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 70 ქვეყნის განათლების მინისტრი და 300-მდე განათლების სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.
ფორუმის დამაარსებლის, განათლების ყოფილი მინისტრის, ჩარლზ კლარკის განცხადებით, ფორუმის ძირითადი მიზანია შეკრიბოს მინისტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ ის საერთო პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთმანეთს ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარონ. 2016 წლის ლონდონის ფორუმზეც განხილული იქნა განათლების სფეროს ის პრობლები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაშია და რომელთა გადაჭრის გზების ძიებაც საერთო ძალისხმევას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას მოითხოვს.
ფორუმზე განხილვის მთავარი თემები იყო – ხარისხიანი განათლება, მოსწავლეებში აუცილებელი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დახვეწა.
“ის პროგრამები, რომელიც საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დავიწყეთ სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად მიმართულებებთან, რომელზედაც ასე აქტიურად საუბრობენ” , – განაცხადა თამარ სანიკიძემ.