„დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის

0
1227

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა” საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის.
კომპანიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შესყიდვას ითვალისწინებს.
„დელტას“ მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა. მანქანის ტესტირებები კი, პირველიდან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა. მათ შორის, მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.
სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა – როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.
მათივე თქმით, ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ ტესტირების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად, ფინალში გავიდა, თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა. ტესტირებების დასრულების შემდეგ, თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი.
2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც „დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი დაამზადა.
გასული წლის მარტში „დელტას“საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია ეწვია, რა დროსაც მათ „დელტას“ საწარმოო ბაზა შეაფასეს და მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს.
გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ – „დელტა“,საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის.
ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით, საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here