ნოდარ ხადური თურქეთში ვიზიტით იმყოფება

0
1126

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური თურქეთში ვიზიტით იმყოფება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფექჩის მიწვევით თურქეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებს დაესწრება.

ანკარაში მინისტრებს შორის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა საბაჟო სფეროში შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და ნდობის ამაღლებას ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციას შორის. ასევე განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სხვადსხვა პრიორიტეტული მიმართულებები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების თვალსაზრისით.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის – eTIR პილოტური პროექტის შესახებ ოქმს“. ასევე აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაესწრება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროში საბაჟო მონიტორინგის ცენტრის გახსნას, რომელიც საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას ემსახურება.
დღესვე გაიმართება საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
დღის ბოლოს საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სიგელები გადაეცემათ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმატებულ მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს.