გრიპის ვირუსის პრევენციის გამო შეჩერებული სკოლების რაოდენობა გაიზარდა

0
1202

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დღეს გამართილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო, სწავლა დამატებით 15 სკოლაში შეწყდა. ასევე, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, ქედის რაიონის 4 სკოლაში სწავლა განახლდა.
“გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 27 იანვრის დილის მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო სწავლა დამატებით 15 სკოლაში შეწყდა თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, ქედას რაიონის 4 სკოლაში სწავლა განახლდა”, – განაცახადა გიგაურმა.
გიგაურის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 3 დღით სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.
“როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეების დასწრებაზე სამინისტრო მონიტორინგს კვლავ აგრძელებს. ამასთანავე, სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მოხდეს მერხებისა და იატაკების შესაბამისი ხსნარებით გაწმენდა, ყოველ შესვენებაზე განიავდეს საკლასო ოთახები, მაქსიმალურად იქნას დაცული პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმი და ა.შ.
თუ რამდენად ასრულებს სკოლა რეკომენდაციებს, სამინისტრო სკოლების მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახორციელებს”, – აღნიშნა გიგაურმა.

სკოლების სია, სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი

სკოლების სია, სადაც ვირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი