დღეიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა

0
1250

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თავდაპირველად მიმოქცევაში გავა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებას წინანსწარ მოახდენს.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

როგორც სებ-ში აცხადებენ, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.

ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე – www.ganakhlebulilari.ge.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here