დღეს დავითობა აღინიშნება

0
829

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა ჩატარდება.

საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 12:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.

დავით IV აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 (1089-1125 წწ) წელი მეფობდა. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერება უკავშირდება.
დავით IV-მ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა და განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან მრავალი სასწავლებელი დააარსა. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, თვითონ კი, ხალხს სწავლის სიყვარულის მაგალითს უჩვენებდა.
ახალგაზრდა მეფემ საქართველო ოსმალებისგან მთლიანად გაათავისუფლა. მან ისინი სომხეთიდანაც განდევნა და ოსმალების მონობისგან სომეხთა დედაქალაქი ანისიც გაათავისუფლა. ოსმალები ასევე, განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდან. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ.
დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
დავით აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here