პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.
ევროკომისიაში ჟან-კლოდ იუნკერთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები იყო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირების დღის წესრიგის ახალი პრიორიტეტები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კონკრეტული გზამკვლევი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.