ტექნოპარკში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური გაიმართა

0
1353

დღეს, ტექნოპარკში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის(IYIPO) რესპუბლიკური ტური გაიმართა. IYIPO წელს მეათედ ტარდება და მას ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილმა, ტექნოპარკმა უმასპინძლა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, რომლებსაც 50-ზე მეტი პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი. ნაშრომები წარმოდგენილი იყო შემდეგ კატეგორიებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. წელს მონაწილეებს შეეძლოთ ასევე პროექტების წარმოდგენა ეკოლოგიაშიც. ტექნოპარკში წარმოდგენილ პროექტებს სპეციალური ჟიური შეაფასებს. შერჩეული ნაშრომები უკვე ფინალურ ეტაპზე გადავლენ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოლიპპიადა ყოველწლიურად ფართოვდება 2007 წელს ოლიმპიადაში 3 ქვეყანა მონაწილეობდა წელს კი საქართველოს ჩათვლით 40-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხვრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხვრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს და კულტურებს.

IYIPO-ს ფინალი წელს 21-23 აპრილს გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეების გარდა 40 ქვეყნის 150-მდე ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.