შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

0
873

8-18 მარტის განმავლობაში  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ადემ ონალი და შედგებოდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პროფესორებისგან (უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ილიას ჩილოღლუ, ვიცე რექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, პროფესორი ილიას უშტუნიერი, პროფესორები თამარ კიკნაძე, გიორგი ბაღათურია, ნიკა ჩიტაძე),  მონაწილეობა მიიღო ამერიკა – თურქულ-ენოვანი ქვეყნებისა და აფრიკის ქვეყნების ყოველწლიურ ბიზნეს ფორუმში, რომელიც გაიმართა ვაშინგტონში. ფორუმის  მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ  აშშ სენატისა და კონგრესის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა ბიზნეს-ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან, აგრეთვე აშშ კონგრესმენებთან და სენატორებთან. ბიზნეს-ფორუმის საზეიმო დასკვნით სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, რომელმაც აღნიშნა საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის  მნიშვნელობა ცენტრალური აზიის, თურქეთისა და ევროპის ქვეყნებისთვის. შეხვედრების დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია ასეთი ფორუმი გაიმართოს საქართველოშიც, რომლის მზადყოფნაც გამოთქვეს როგორც ამერიკელმა ისე თურქმა და სხვადასახვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

საქართველოს დელეგაცია გაეცნო აგრეთვე აშშ-ის ზოგიერთი უნივერსიტეტისა და სკოლის მუშაობას. დელეგაცია იმყოფებოდა ვირჯინიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში (ფაირფაქსი, ვირჯინია) , ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტში (ჰიუსტონი, ტექსასი). უნივერსიტეტებთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, გადაწყდა რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამერიკული უნივერსიტეტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ, დაიგეგმა სტუდენტებისა და თანამშრომლების ურთიერთგაცვლა და სტაჟირება,  ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარება, ერთობლივი სასწავლო კურიკულუმების დამუშავება. აღსანიშნავია, რომ  ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტში  ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტებს მიმოხილვითი ლექცია სტრატეგიული მენეჯმენტის საკითხებში წაუკითხა პროფესორმა გიორგი ბაღათურიამ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და დაადასტურა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დონე ამერიკის უნივერსიტეტის დონის შესაბამისია.

დელეგაცია შეხვდა აგრეთვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ამჟამად აშშ-ში საქმიანობენ. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ მათ წარმატებულ საქმიანობაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, რომლის წყალობითაც ისინი კონკურენტუნარიანნი არიან აშშ-ის შრომით ბაზარზე.

აშშ-ში ვიზიტმა ფრიად ნაყოფიერი  შედეგები იქონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, დაიგეგმა სხვადასხვა სახის  სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა, რომლებიც მიმართულია სტუდენტთა განათლების დონისა  და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებისკენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here