მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამზე მეტი ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

0
1192

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინეს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა შეაჩერეს სომხეთის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პასპორტით შემოსული ორმაგი მოქალაქე (მეორე მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის) მ.ა. მგზავრის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შემდეგ, მებაჟეებმა გამოიყენეს სხეულის სკანერი და მისი მეშვეობით დაათვალიერეს აღნიშნული პიროვნება. მგზავრს აღმოაჩნდა წელზე შემოკრული მეტალის ნივთები. ამის შემდეგ განხორციელდა მგზავრის ფიზიკური დათვალიერება.

აღმოჩნდა, რომ მას წელზე შემოკრული ჰქონდა სპეციალური ქამარი სამალავებით, რომელშიც მოთავსებული იყო 11 ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი, საერთო წონით 10500,79 გრამი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 953456,99 ლარი“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.