დოლარზე მოთხოვნა შემცირდა, ლარი 2-ს ჩამოსცდება

0
1328

ექსპორტი მცირედით უმჯობესდება, ფულადი გადმორიცხვები იმატებს, დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება. ლარის კურსი დოლარის მიმართ ყოველდღე მყარდება. “ბიზნეს-რეზონანსი” რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ მოკლე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 2,2-ის ნიშნულზე დასტაბილურდებოდა. გამოცემის პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა.

ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გამყარების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. ერთია ის, რომ მიმოქცევაში ხელოვნურად აღარ მატულობს ფულის მასა, რაც რეფინანსირების სესხების მოცულობის მუდმივ ზრდასთან იყო დაკავშირებული. შემცირდა საგარეო ვაჭრობა, ამასთანავე მსოფლიოში დოლარი შედარებით შესუსტდა.

თუმცა ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში კომერციულმა ბანკებმა 2,314 მილიარდი ამერიკული ვალუტა იყიდეს, რაც 1 მილიარდი დოლარით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომისტების ნაწილი ამ ფაქტს, ექსპორტ-იმპორტის ვარდნას უკავშირებენ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. ეკონომისტი თემურ ბასიალია მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ შარშან ქართულ საბანკო სექტორს უცხოელი კრედიტორების მიმართ სოლიდური დავალიანება ჰქონდა გასასტუმრებელი. ბასილაიას ინფორმაციით, მთლიანად 2015 წლის განმავლობაში ქართულმა ბანკებმა თავიანთ უცხოელ კრედიტორებს დაახლოებით 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაუხადეს. 2016 წელს მათი ეს ვალდებულება 506.7 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2017 წლისთვის გადასახდელი თანხა 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

შეიძლება ვთქვათ, რომ ლარის გამყარების მთავარი მიზეზი სწორედ დოლარზე მოთხოვნის შემცირებაა. სხვა მხრივ, ქართულ ეკონომიკაში ისეთი წინსვლა არ აღინიშნება, რაც ეროვნული ვალუტის გაძლიერებას გამოიწვევდა. რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრს თუ გადავხედავთ ეკონომიკა უმნიშვნელოდ მიიწევს წინ, მაგამ 2015 წლის ტემპს, რომელიც 2014 წელზე უარესი იყო, ისევ ჩამორჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში ექსპორტი 13%-ით (443 მილიონი დოლარი) შემცირდა, იმპორტი – 6%-ით (1,693 მილიარდი). კატასტროფულად გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი – 59%. თვეების მიხედვით, ექსპორტის მაჩვენებელი მატების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ძალზე უმნიშვნელო მაჩვენებლით. მაგალითად, თუკი იანვარში ქვეყნიდან 122 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა, ეს მაჩვენებელი თებერვალში – 158 მილიონ დოლარამდე, ხოლო მარტში – 162 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, შარშანდელთან შედარებით, უცხო ქვეყნებიდან 4,9%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა. იანვარ-მარტში საქართველოში 237,132 მილიონი დოლარი შემოვიდა, ანუ 12,2 მილიონი დოლარით ნაკლები წინა წლის პირველ კვარტალთან (249,391 მილიონი დოლარი) შედარებით. თვეების მიხედვით ამ თვალსაზრისითაც უმჯობესდება მდგომარეობა: იანვარი – 66,55 მილიონი დოლარი, თებერვალი – 79,8 მილიონი დოლარი, მარტი – 90,7 მილიონი დოლარი.

ყველაზე თვალსაჩინოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მატულობს. მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს, შარშანდელთან შედარებით, 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია (16,7%-ით მეტი). იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ აქამდე მარტში ტურისტების ასეთი აქტიურობა არ დაფიქსირებულა. 2016 წლის სამ თვეში კი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1,134 მილიონს გადააჭარბა, რაც 2015 წლის ანალოგურ პერიოდს 14,7%-ით აღემატება.

ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარებას “ერთმნიშვნელოვნად ვარაუდობს”. გარდა იმისა, რომ ეროვნული ვალუტა ბუნებრივად მყარებდება, ამასთანავე ლარის გასაძლიერებლად დაგეგმილია კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში თავად გააჟღერებს. “ეს კეთდება იმისთვის, რომ ლარზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა და იგი იყოს უფრო საჭირო ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს 1 დოლარი 2 ლარზე ნაკლებიც ღირდეს. დუნდუა ამჯერადაც, ეროვნული ვალუტის მყარად ამოსუნთქვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას მიიჩნევს.

“დღევანდელი კურსი ზუსტად ასახავს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკას. რა შეიძლება დაემართოს კურსს პოლიტიკურად ანგაჟირებული და ამა თუ იმ ძალასთან კოლაბორაციულ რეჟიმში მყოფი პირის მმართველობის რეჟიმში”, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ და დასძინა, რომ გარდა ამ ფაქტორებისა, ლარმა დაიწყო ბუნებრივი ასახვა იმ მდგომარეობისა, რომელშიც რეგიონი და ეკონომიკაა. “ამიტომ წლის ბოლომდე ლარი არათუ დასტაბილურდება, არამედ კიდეთ უფრო გამყარდება და არის შესაძლებლობა, რომ 2,0-ის ნიშნულსაც ჩამოცდეს”, – ვარაუდობს დუნდუა.

ამგვარი პროგნოზები შეიძლება უფრო ადრეც კი გამართლებულიყო, თუკი ეროვნული ბანკი ლარს პოზიციების გაუმჯობესებაში ხელოვნურად ხელს არ შეუშლიდა. ეკონომისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გამყარების პროცესი ნელა უნდა წარიმართოს. ამიტომაც, ეროვნულმა ბანკმა ბოლო ერთ თვეში მიმოქცევიდან 55 მილიონი დოლარი ამოიღო.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი “რეზონანსი”

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here