ნიკა მელია – ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა

0
865

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა.

გარდა ამისა, როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ და თბილისის საკრებულოს წევრმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და ”მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება”.

”დღეს გვაქვს დადასტურებულად მონაცემები, რომლის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილისის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს. ეს ყველაფერი გააკეთა იმ კომპანიის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია მისი ბიზნესცენტრი. ეს დადასტურებულია. გარდა ამისა, თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა გაშენებულიყო კრწანისი-შინდიდსის დამაკავშირებელი ახალი გზა, ამ სამუშაოების ფარგლებში 540 ხე გაიჩეხა, გადატანილი იქნა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის მილი, რაზეც მერიამ 700 000 ლარი დახარჯა და უახლოეს პერიოდში სერიოზული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, დღეს გავიგეთ, რომ აქ გზა აღარ გავა. ამ ტერიტორიას ”თათი დაადო” ბიძინა ივანიშვილმა, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს სრულდება და ამ ტერიტორიის შემძენი ვინ თუ არა ბიძინა ივანიშვილი გახდება”, – განაცხადა მელიამ.

მან ”ნაციონალური მოძრაობის” ორ კატეგორიულ მოთხოვნაზე ისაუბრა. ნიკა მელიამ, პირველ რიგში, თბილისის მერს დავით ნარმანიას სამი საათი მისცა და მოუწოდა, რომ ამ დროის ფარგლებში, ნარმანია გამოვიდეს და საჯარო პირობა მისცეს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ამ უკანონო გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას და 29 ჰექტარს აუქციონზე აღარ გაიტანს.

”რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, მინდა მან კარგად გაიგოს, უნდა იცოდეს, რომ ეს თბილისისთვის ბოლო ზღვარია. ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც მთელი თბილისი გაერთიანება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. მან, როგორც ნარმანიამ, არ იცის, რას ნიშნავს თბილისი და თბილისელები. თუ მას ჰგონია, რომ ის ერთი ხე, რომელიც ამოგლიჯა და დამცინავად სახლში წაიღო, შერჩა, ძალიან ცდება”, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში აღნიშნული ქმედება ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება.
მისივე თქმით, მთლიანად მერია და საკრებულო ჩართულია, რომ ჩუმად გადასცენ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული ტერიტორია.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბიძინა ივანიშვვილმა უკანონოდ გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ბათუმიდან ჩამოიყვანა ბოტანიკური ბაღის დირექტორი, რომელმაც მწვანე კონცხზე ივანიშვილს ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ხმა არ ამოიღო. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საქმეში არსებობს მისი წერილობითი თანხმობა.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნარმანიას პოზიცია და ივანიშვილის დამოკიდებულება იქნება ცნობილი.
თავის მხრივ, ირაკლი აბესაძემ მოუწოდა თბილისელებს, რომ ეს ქმედება არ დაუშვან.

”ჩვენ ვაპირებთ, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ დავუშვათ ეს და როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური აქტივობების ფარგლებში ხელი შევუშალოთ თბილისის მერიას”, – განაცხადა აბესაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here