რუსეთი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციად აფასებს

0
827

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ეხმაურება და მას პროვოკაციულს უწოდებს.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, მოსკოვი პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას “Noble Partner 2016”-ს, რომლის მომზადების ფარგლებშიც საქართველოს ამერიკული სამხედრო ტექნიკა მიეწოდება.

“მიგვაჩნია, რომ ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი თანმიმდევრული “განვითარება” პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც ამერიკავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შერყევას ისახავს მიზნად. მეტწილად, ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ღია ხელშეწყობა თბილისის რევანშისტული მისწრაფებებისადმი”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან დისლოკაციის ადგილამდე ამერიკული ტექნიკისა და ამერიკელი სამხედროების გადმოსროლა ქართველმა სამხედრო ლოგისტიკოსებმა უზრუნველყვეს.

ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი, სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

წელს “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1 300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს “აბრამსებს” გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა ჩაერთვება.

ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here