თინა ხიდაშელი: თურქეთი უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში

0
759

თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში”, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გუშინ, თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინათინ ხიდაშელი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამმხრივი მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რომელსაც მხარს თურქეთიც უჭერს.

“თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მომავალ გეგმებზე. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში. ვისაუბრეთ კომუნიკაციის გამარტივების ფორმებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცვალოთ ინფორმაცია. ამ მხრივ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი წლის ბოლომდე საქართველოში განხორციელდება, ნაწილი – ანკარაში, ნაწილი – ბაქოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მინისტრს წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ საქართველოში”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. შეხვედრის ბოლოს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) მისი მოადგილის სტუმრობა დაადასტურა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here