საქართველოსა და გერმანიას შორის პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობა ღრმავდება

0
1153

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა.

“ამჯერად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კლაუს გროენი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარებაზე და ხელი მოაწერეს განზრახულობათა ოქმს, რომელიც ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის ერთობლივ ინტერესს – გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პროფესიული განათლების კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განზრახულობათა ოქმი, მოიცავს თანამშრომლობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში სწავლების დუალური ფორმის დანერგვის მხარდაჭერა, ქართველ და გერმანელ ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სხვა.