დიმიტრი ქუმსიშვილმა ბერლინის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

0
756

„ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები – სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“, – ასე ეწოდება ბერლინის ეკონომიკური ფორუმის სესიას, რომელშიც ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ვიცე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო–ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდაა დაგეგმილი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ღონისძიებებმა, რომლებიც მიმართულია გაზარდოს საქართველოს როლი ახალი ”აბრეშუმის გზის” დერეფნის შემდგომ განვითარებაში.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, მისი ბაზარი ღიაა, ხოლო ეკონომიკა – ლიბერალური. მისი თქმით, საქართველოს უკავია სტრატეგიული მდებარეობა ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ბიზნესის ხელშემწყობმა გარემომ, ძლიერმა რეგიონულმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ ევროპა–აზიის გზაჯვარედინზე, საქართველო გადააქცია მოწინავე საინვესტიციო შესაძლებლობების ქვეყნად.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თუმცა, მისი შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და მისი, როგორც რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის გაზრდა. დღეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა 600 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ვიცე პრემიერის განცხადებით, ახალი ”აბრეშუმის გზის” განვითარებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტვირთის ნაწილის ამ დერეფანში მოზიდვა.
საკუთარ გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა სარკინიგზო გადაზიდვებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ჩინეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს გავლით განხორციელდა და რომლის დროსაც ჩინეთიდან ტვირთის საქართველოში ჩამოტანა რეკორდულად მცირე დროში 7–9 დღემდე განხორციელდა.

ვიცე პრემიერმა ასევე რეგიონული თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, ასევე ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ–დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობა და საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება.

სესიაში „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები – სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“ ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის სამთავრობო და მსხვილი სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასევე Deutsche Bahn AG-ის აღმასრულებელი დირექტორი რუდიგერ გრუბე, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ”აბრეშუმის გზის” დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე პროექტების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა. სესიაში ასევე მონაწილეობას იღებდა დუისბურგის პორტის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ სტააკე და ევროკომისიის წარმომადგენელი ჰენრიკ ჰოლოლეი.

სესიის გამომსვლელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები იყო გაკეთებული ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო დერეფნების განვითარებასა და შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ მიმართებით, ყველა გამომსვლელმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია, გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო–ლოგისტიკური ცენტრი. აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს საკუთარ ტერიტორიაზე გაზრდილი ტვირთბრუნვის გატარება და სატრანზიტო ფუნქციის უკეთ შესრულება.

ბერლინის ეკონომიკური ფორუმი ეუთო-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრ ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის პატრონაჟით გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის ცენტრალური მიმართულება, ეუთო-ს სივრცის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იყო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა და მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა რეგიონებს შორის, რაც გამოიწვევს ნდობის აღდგენას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here