შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

0
1137

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. შს სამინისტროს ცნობით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტმა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის (ENFSI) ყოველწლიურ კონფერენციაში, როგორც ახალმა სრულუფლებიანმა წევრმა, პირველად მიიღო მონაწილეობა.

უწყების ინფორმაციით, კონფერენციას ENFSI-ის თავმჯდომარე ჟან დე კინდერი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი კავშირის სხვა სრულუფლებიან წევრებს წარუდგინა. ღონისძიებაზე დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ სუჯაშვილს ENFSI-ის დროშა და სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ENFSI-ის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, სამომავლო
ღონისძიებებისა და ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების კენჭისყრის პროცესებში მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის 5 იანვარს გახდა. ENFSI ევროპაში ყველაზე ავტორიტეტულ საექსპერტო გაერთიანებაა. ორგანიზაციის წევრობა წარმოადგენს გარანტს, რომ საექსპერტო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ENFSI-ის ეგიდით, რეგულარულად ტარდება ერთობლივი სწავლებები, სემინარები და კონფერენციები.

“კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ქართველი ექსპერტები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საექსპერტო მეთოდის დახვეწა-განახლებაში, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება უახლესი ინფორმაცია მონაცემთა ბაზებზე, საექსპერტო-სამეცნიერო პროგრესისა და ტენდენციების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.