დიმიტრი ქუმსიშვილი – მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა

0
787

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიას აპრილის თვის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მინისტრმა ასევე  ისაუბრა ზოგადად ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აპრილის თვის ეკონომიკურმა ზრდამ  4,3 % შეადგინა. ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპონენტების მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე ლიდერი სექტორი. მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: სამშენებლო მასალების წარმოებაში (25%), სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში (20%); მშენებლობაში (15%); საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაში (10%).

“გარდა ჩამოთვლილი სექტორებისა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ძირითადი მიზეზებია ბიზნესის განწყობების ნაწილი, სადაც  ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. შესაბამისად, ეს ასახულია კონკრეტულ ციფრებში. ასევე მინდა მოგახსენოთ, შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებელი და აპრილში შეადგინა 3,2 პროცენტი. აღნიშნული პარამეტრი ისედაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო. ინფლაციის შემცირება ეკონომიკაში ნეგატიური მოლოდინების მინიმიზაციით არის გამოწვეული. ეს, რა თქმა უნდა, უკვე აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეზე – მათ ნაკლების გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რომელსაც ყიდულობენ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა უმუშევრობის ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე. როგორც მან აღნიშნა, გასულ კვირის მონაცემებით, ის 12%-ს შეადგენს, რაც კარგი მაჩვენებელია.

„ჩვენ შეიძლება ვიდაოთ მეთოდოლოგიაზე, თუმცა, იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, 12%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ კარგი შედეგია“, – აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ასევე პოზიტიური დინამიკაა ლარის კურსთან დაკავშირებიაც – ეროვნული ვალუტის კურსი მარტის თვიდან 15%-ითაა გამყარებული, რაც 33 პუნქტს შეადგენს.

„რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები – თუ ავიღებთ საგარეო ვაჭრობის მონაცემების (ექსპორტ-იმპორტი) სტატისტიკას, 2016 წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შეადგენს 1 426 მლნ. აშშ დოლარს, რაც თითქმის 200 მლნ. აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, ამავე რაოდენობის პროპორციულად შემსუბუქდა დაწოლა ლარზე და ეროვნული ვალუტა გამყარდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, წმინდა ექსპორტის მაჩვენებლი მხოლოდ 2016 წლის 3 თვის მონაცემებით გაზდილია 15 მლნ აშშ დოლარზე მეტით. რაც შეეხება ტურისტულ შემოსავლებს, ვიზიტორების მიერ დაგენერირებული შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – 4 თვეში 92 მლნ აშშ დოლარით, რაც მნიშვნელოვნად აისახა მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელზე.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება, რადგან ტრადიციულად, ზაფხულის თვეებში ზრდა უფრო მეტია, ვიდრე წლის დასაწყისში. მოგეხსენებათ, ჩვენთან დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის ტურისტული სეზონი, შესაბამისად,  გააქტიურდება ადგილობრივი, მათ შორის სოფლის მეურმების წარმოებაც. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება როგორც დასაქმებაზე, ასევე ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე და მთლიანად ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here