თავდაცვის მინისტრი ნატო-ს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება

0
742

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ნატო-ს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის მზადებას უკავშირდება.

პირველი ქვეყანა, სადაც თინათინ ხიდაშელი ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, პოლონეთია. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვროცლავის გლობალურ ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას და პანელზე – „შევინარჩუნოთ ევროპული უსაფრთხოება“ სიტყვით გამოვა.

პოლონეთის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ასევე გაეროს შტაბ-ბინაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ძალიან ბევრი ოპტიმისტური დაპირება მივიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დროს საქართველოში მყოფი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრებისგან და ეს საკითხები იქნება მთავარი განხილვის თემა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, ერთი დღით ჩავალ ნიუ-იორკში, სადაც გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავმართავთ შეხვედრებს,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში ფრანგ კოლეგასთან – ჟან-ივ ლე დრიანთან გამართავს შეხვედრას.
ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში სტუმრობით დაასრულებს.

თინათინ ხიდაშელი 14-15 ივნისს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

„ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბევრი ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ, პრაქტიკულად, მრავალი ქვეყანა დავფაროთ. მინისტერიალი ამაში ძალიან გვეხმარება, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრია ჩამოსული და ადგილზე ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნებში ვიზიტების გარეშე დავფაროთ მრავალი ქვეყანა.

შევაჯერებთ ყველა წინადადებას, რომელიც თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე და რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უფრო მეტი საშუალების შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის უკეთ იყოს დაცული მიწაზეც, ზღვაშიც, ცაშიც, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ფორმულა – მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში – რეალურად აისახოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here