საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჯეჯელავა დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს “თავისუფალი უნივერსიტეტის” სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში – კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს განვითარების შესახებ.
“ბოლო პერიოდში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად და საჭიროდ ჩავთვალე მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება განახლებული ხედვები ჩვენი განათლების სფეროს განვითარებისთვის. ვთვლი, რომ განათლების სფეროში დევს გასაღები ჩვენი მომავალი განვითარების. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სფეროა. განათლების მიმართულებაზე და ჩვენი რეფორმების წარმატებაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება და დინამიკა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. მე ძალიან ოტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიმედოვნებ და მჯერა, ჩვენ ერთ გუნდად გავაგრძელებთ ძალიან ბევრ რეფორმას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინსტრმა წარმატება უსურვა ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს, რომელიც მისი თქმით, “ამ მიმართულებით და სხვა მანდატით გააგრძელებს საქმიანობას”.
პრემიერ-მინსტრმა წარმატება უსურვა ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს, რომელიც მისი თქმით, “ამ მიმართულებით და სხვა მანდატით გააგრძელებს საქმიანობას”.
ალექსანდე ჯეჯელავა ხელმძღვანელობდა საბანკო, საჯარო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პროექტებს. აქვს ექვსწლიანი გამოცდილება აკადემიური სწავლებასა და პროფესიულ ტრენინგებში. ამჟამად ალექსანდრე ჯეჯელავა არის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ადამიანურის რესურსების დარგში და ასევე ბანკის გამგეობის წევრი. მანამდე ის იყო “გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების” (UGT) გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიზნესის განვითარების დირექტორი ინტელექტბანკში; საქართველოს ეროვნული ბანკის აიტი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, სომხეთის სახელმწიფო რეესტრის, ყირგიზეთის ნაციონალური ბანკის და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კონსულტანტად.
სანდრო ჯეჯელავას აქვს მათემატიკის მაგისტრის, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.