საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი – აზიზ შამოიანი, ბონდო იაშაღაშვილი, ზაურ ჯალაღონია, თემურ სორდია და წარსულში არაერთხელ, მათ შორის ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდობისათვის“ ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „კანონიერი ქურდობისთვის“ წარსულში ნასამართლევმა პლატონ მამარდაშვილმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.