გიორგი მარგველაშვილი – მსურს, დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, მათ საფრთხე არ ემუქრება

0
627

მსურს, დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღება არ იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა.
“პირველ რიგში, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი. მე პირადად მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ საგანგებო ზომების მიღებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართული.

“ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და, ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება. რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, აღდგება.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here