თურქეთის ხელისუფლებამ ათასზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა

0
1021

თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ათასზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთში 35 ჯანდაცვის სექტორის ობიექტმა მუშაობა შეწყვიტა, ასევე დაიხურა 1043 კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის კერძო საერთო საცხოვრებლები და სასტუმრო სახლები, გაერთიანებები და ფონდები, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ისევე როგორც 15 უმაღლესი სასწავლებელი.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატიმრობის პერიოდი, საგანგებო მდგომარეობის პერიოდი, 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

21 ივლისს, თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება დროებით შეაჩერა. ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტერორიზმის საფრთხეების შესამცირებლად გადადგა. როგორც ერდოღანმა განაცხადა, კონსტიტუციის 120-ე მუხლის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იქნება, რათა ამბოხის შედეგები სწრაფად აღმოიფხვრას.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უფლებას აძლევს პრეზიდენტსა და მთავრობას, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს.