სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი 7-15%-ით გაძვირდება

0
1096

სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი, როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო სექტორში, 7-15%-ის ფარგლებში გაძვირდება.
იმპორტიორთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით მოლოდინი გაუცრუვდათ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს უცხოურ ბაზრებზე ფასი იზრდება, რაც ცვლილებას ადგილობრივ ბაზარზეც გამოიწვევს. არის განსხვავებული მოსაზრებაც. იმპორტიორების მეორე ნაწილი ამბობს, რომ საფასო ცვლილებისთვის ამ ეტაპზე საბაბი არ არის და თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა, გაძვირების გზას არ დაადგებიან.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის, კომპანია “გრანდის” დამფუძნებლის ივა ჭყონიას განცხადებით, სექტემბრიდან, როგორც კი მოთხოვნა მოიმატებს, ფასის ზრდა აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტზე მოუწევთ.

“ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი გვქონდა. პირველ რიგში, იმედს ტურისტულ სეზონზე ვამყარებდით და გვეგონა, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ლარის კურსს მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა. ამან არ გაამართლა და გარკვეული ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ამიტომ ახლა აბსოლუტურად სხვა მოლოდინია სექტემბერთან დაკავშირებით. ბევრი იმპორტიორი საფასო პოლიტიკას შეცვლის. ზაფხული ისედაც მკვდარი პერიოდია ვაჭრობისთვის, რადგან ძირითადი მასა დასასვენებლად გადის, ამიტომ გაძვირებისგან ამ ეტაპზე ყველა თავს იკავებს”, – აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, უკრაინაში ტვირთებთან დაკავშირებით არსებულმა შეზღუდვამაც გარკვეული გავლენა მოახდინა და სიტუაცია უფრო მეტად დაამძიმა.

“საკმაოდ ბევრი საბაბი დაგროვდა, რომ ცვლილება დაიგეგმოს, საფასო პოლიტიკა შეიცვლება. ჩემი აზრით, 7-დან 15%-მდე გაიზრდება ფასი. ვალუტის დევალვაციაა და არ გამართლდა ის პროგნოზი, რომელსაც ველოდით. სიმართლე გითხრათ, 2,2-ზე მქონდა ფასი გათვლილი. ველოდი ლარის სტაბილურობას, მაგრამ ამ პროცესმა იმდენად მცირე ხანს გასტანა, რომ რეალურად ვერაფერი შეცვალა”, – აცხადებს ჭყონია.

ასე ფიქრობს კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილიც, რომლის ვარაუდითაც სექტემბრიდან აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქტი გაძვირდება.

“ფასის შენარჩუნებას ვერ ვახერხებთ. საქართველოში იმპორტირებული სურსათი კიდევ გაძვირდება, თანაც საგრძნობლად, ეს არის რეალობა. არც საერთაშორისო ბაზრებზეა კარგი მდგომარეობა, გარკვეული დასახელების პროდუქტი იქაც ძვირდება, აქ კი კურსი ლამის ყოველდღიურად იცვლება. ახალი პარტია შემოდგომიდან შემოვა და ბაზარსაც დაეტყობა. იქაური ვალუტა რომ მყარდება დოლარის მიმართ და ჩვენი ვალუტა უფასურდება, ეს იმპორტისთვის ძალიან ცუდია. როდესაც პირიქით ხდება, მაშინ კარგია”, – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი და დასძენს, რომ თუ ადრე იმპორტიორ ქვეყნებში, მაგალითად, 1000 დოლარს რიცხავდნენ გარკვეული ხარჯისთვის, ახლა ეს საკმარისი აღარ არის.

“შეიძლება ეს მდგომარეობა ექსპორტიორებს ხელს აძლევს, ხელფასებს ლარში გასცემენ, მეტ ხარჯს გაისტუმრებენ, მაგრამ ჩვენ პროდუქტს ძალიან გვიძვირებს. რა ხდება აქ, ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ მსოფლიოში დოლარი აღარ მყარდება. ახლა ჩვენ ის პრობლემა გვაქვს, რომ ლარი სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს”, – აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი.

ინდმეწარმე ვანო ზარდიაშვილის თქმით, ბიზნესს სტაბილურობის განცდა აღარ აქვს, რაც ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში, ფასების შენარჩუნების არანაირი მექანიზიმი არ აქვთ.

“განბაჟებიდან დაწყებული, ყველა პროცედურა გაძვირდება. მცოცავი კურსი არის კატასტროფა, სერიოზულ პრობლემას გვიქმნის. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გაძვირდება. როგორც უკვე ვთქვით, ექსპორტიორ ქვეყნებში ცოტათი ფასმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა. ცხადია, მხოლოდ სავალუტო კურსზე არ ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა”, – ამბობს ზარდიაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი იმპორტიორების ნაწილი ფასის შენარჩუნებას მაინც ცდილობს. მათ მიაჩნიათ, რომ არსებული სავალუტო კურსი, თუ ის უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება, საფასო ცვლილების მიზეზი ვერ გახდება.

“არა მგონია, საგანგაშო ვითარება იყოს. რატომ უნდა გაძვირდეს პროდუქტი, როცა ლარი მცირედით გამყარდა კიდეც? ვფიქრობ, კურსი სამომავლოდ დაიწევს. ჯერჯერობით არც შიდა, არც გარე ბაზრებზე არაფერი ისეთი არ ხდება, რომ პროდუქტი გავაძვიროთ”, – ამბობს გურამ ბროძელი, კომპანია “ალფას” დამფუძნებელი.

ფასთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრება აქვთ “სანტრეიდშიც”. კომპანიაში პროდუქტის გაძვირებას არ გეგმავენ, თუმცა გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია.

“ფასები არ გადაგვიხედავს და ჯერჯერობით მსგავს ცვლილებას არ ვგეგმავთ. ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ სამომხმარებლო ბაზარს სასიკეთოდ დაეტყოს. კომპანიებში რეალურად უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ცვლილება სწორი გადაწყვეტილებაა. ამისთვის კი უნდა არსებობდეს მყარი მოლოდინი ლარის მიმართ, რომ კურსს, გარკვეულ პერიოდში მაინც, არაფერი ემუქრება. სამწუხაროდ, ლარმა იმედი გაგვიწბილა. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ფასი საკმაოდ ფრთხილი თემაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავიც ძვირდება. ფაქტობრივად, აქაც იგივე სიტუაციაა. არანაირი პირობა არ გვაქვს, რომ გაიაფებაზე ვიზრუნოთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

ამდენად, მყარი მოლოდინი, რამაც შეიძლება ფასის სტაბილურობა განაპირობოს, დღესდღეობით ბიზნესს არ აქვს. ლარის სულ მცირე, უმნიშვნელო გამყარება სიტუაციას ვერანაირად ვერ ცვლის. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა არ არსებობს. შეიძლება, არაერთგვაროვანი მოსაზრების მიზეზიც, რაც დღეს იმპორტიორებს აქვთ, ესეც იყოს. საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, მომხმარებელი ზარალდება.

მარი ჩიტაია
გაზეთი “რეზონანსი”

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here