კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდს სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

0
1110

კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდს, არჩევნების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯაჭვლიანი გამოცდილი სპორტსმენია, ასევე წარმოშობით ის სვანია და შესაბამისად, აღნიშნულ საქმიანობაში მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება.

პრემიერს მიაჩნია, რომ თეთნულდის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. უკვე გადაწყვეტილია, რომ საპარტნიორო ფონდი  დააფინანსებს რამდენიმე სასტუმროს მშენებლობას, ამბულატორიის, ასევე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას.

„სახელმწიფო აპირებს, რომ ძალიან აქტიურ მონაწილეობა მიიღოს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, ასევე მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. ის არის რეჟისორიც, ასევე წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნეს მაქსიმალურად გათვალისწინებული,“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

გიორგი  კვირიკაშვილის თქმით, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად განიხილა. მათ ასევე იმსჯელეს მენეჯმენტის გაძლიერების საკითხზე და საჭიროდ ჩათვალეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნა, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.