საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ყველა დავალება შეასრულა, ჯერი ევროკავშირზეა – დევიდ მაკალისტერი

0
1041

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია. ეს განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა, დღის ბოლოს გამართულ, შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრი და გერმანიის ქრიატიან დემოკრატიული პარტიის  წარმომადგენელია, აქცენტი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოში გამართულ შეხვედრებსა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა.

„ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, როგორც გერმანიის ქრიატიან დემოკრატიული კავშირის  წარმომადგენელმა, მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. თქვენმა ქვეყანამ შეასრულა საჭირო საშინაო დავალება, ყველა მოთხოვნა და დაიცვა პირობები. ახლა ჩვენი ჯერია ევროკავშირის მხრიდან შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. მე საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს სასარგებლოდ მივეცი ხმა. ახლა ჯერი პარლამენტზეა, გადაწყვეტილება ბრიუსელსა და სტრასბურგში უნდა მიიღონ. მხარს ვუჭერ საქართველოს მალე მიეცეს ვიზალიბერალიზაცია და ამით დასრულდება პროცესი, რომელიც წინა მთავრობის დროს დაიწყო. 2016 წელი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ევროკავშირში მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს,“ – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.