აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

0
1068

2016 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება.

ფინანსთა სამინისტროს  ინფომაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ.

პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.