დღეს ბელარუსის ეროვნული გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართება

0
1052

დღეს, ბელარუსის ეროვნული  გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი დამსწრეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე- მიხაილ რუსი მიმართავენ.

მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიის შემდეგ ოფიციალური პირები ექსპოზიციას დაათვალიერებენ, შემდეგ კი საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის პრემიერის მოადგილე, მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ვიაჩესლავ ბრილი მიმართავენ. ბელარუსის ეროვნული გამოფენის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც დაესწრებიან.

საბჭოს მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იქნება.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურში განმარტავენ, სხდომის ფარგლებში საქართველოსა და ბელარუსის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ფარმაცევტიკის, ტურიზმისა და სამრეწველო კოოპერაციის შესახებ პრეზენტაციებს გამართავენ.

”ბელარუსის ეროვნული გამოფენა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ტარდება. მისი ორგანიზების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

ღონისძიება  წლის განმავლობაში  ბელარუსის რესპუბლიკის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. გამოფენაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის 140 წამყვანი საწარმო იღებს, მათ შორის მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები.

ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და  ლოჯისტიკის მიმართულებები,  სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვა”, – განმარტავენ პალატაში.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება კულტურული პროგრამა, რომელშიც ბელარუსში  პოპულარული არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ბელარუსის ეროვნული გამოფენა საგამოფენო ცენტრ  „ექსპო ჯორჯიაში“ 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.