ნოდარ ჯავახიშვილი – რას ბჟუტურებს რომან გოცირიძე? „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა მას შეარქვა „ალ კუპონე“ და კუპონებს – „გოცირიკები“

0
797

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ რომან გოცირიძისთვის ძალიან დიდი პატივია, მის ბჟუტურს ტელევიზიიდან გავცე პასუხი

 

მინისტრი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის ბრალდებებს მის მიმართ, რომელიც კუპონიზაციასა და 1990-იანი წლების ფინანსურ კრიზისს შეეხებოდა.

„მე არაერთგზის მითხოვია ჟურნალისტებისთვის, სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩეველს ნუ გაუწევთ მაინცდამაინც დიდ რეკლამას. გოცირიძისთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ტელევიზიიდან გავცე პასუხები მის სისულელეებს. როცა ის გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაშინ ჟურნალისტების მთელი ჯგუფი დამესხა თავს და გავაკეთე ძალიან მოკლე განცხადება, რომ ერთადერთი კაცი, ვინც არ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის რომან გოცირიძე-მეთქი.  რას ბჟუტურებს რომან გოცირიძე?! „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა შეარქვა გოცირიძეს „ალ კუპონე“ და კუპონებს – „გოცირიკები“. ახლა რამდენიც გინდა აქნიოს ფეხები, ეს ფაქტია“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

მისი აზრით, რომან გოცირიძის ოფიციალური სტატუსი დღესაც სააკაშვილის ეკონომიკური მრჩევლობაა.

„მაგრამ რა რჩევებს აძლევდა, კი ვნახეთ 9 წლის განმავლობაში. ჯერ გოცირიძე რომ იმას დაიბრალებს, ლარი მე შევქმენიო. შემიძლია გაჩვენოთ რა ფული დაამზადეს ჩემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოსვლამდე. ის ფული რომ დაგვებეჭდა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი თუ არა. მე მაქვს მანამდელი ლარებიც და ის, რაც მერე გამოვიდა მიმოქცევაში – ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ის იყო სასაცილო, შემარცხვენელი ქვეყნისა. გოცირიძე წერს, რომ ჩემს დროს ინფლაცია არ იყო, ჯავახიშვილის დროს მოხდაო. რასაკვირველია – გოცირიძის დროს გაიცა წარმოუდგენელი რაოდენობის სესხები ეროვნული ბანკიდან, თუმცა  იმის გამო, რომ კუპონები ფიზიკურად არ იყო, არ იყო გამოხატული ბაზარზე, ხოლო როგორც კი ჩამოვიდა მათი შეკვეთილი და დაბეჭდილი კუპონი, იმ დღესვე დაარტყა ინფლაციამ ქართულ ბაზარზს“, – განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here