რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი – მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი

0
1028

ოთარ ვარამაშვილის ადგილზე, მეც გავიქცეოდი, – ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს იხდიდა, არაადამიანური პირობებია.

”მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც გავიქცეოდი, რადგან მეექსვე დაწესებულება, სადაც ის იხდიდა სასჯელს, გამოირჩევა არაადამიანური მოპყრობით. სიტუაცია იქ საერთოდ არ შეცვლილა”, – განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ერთი თვით აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, რაც გაასაჩივრეს და სწორედ ამ საქმის განხილვა იყო დაგეგმილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

კობაიძის განმარტებით, თავად ის ოთარ ვარამაშვილთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგან სხვა პროცესი ჰქონდა.

ამასთან, როგორც  სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, ძებნის ოპერაცია გრძელდება და მასში შსს-ც არის ჩართული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო გაავრცელა. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმესახის

ინფორმაცია აქვს ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა.