შსს-მ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0
1017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნფორმაციით, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განმარტეს შსს-ში.

წუხელ, უცნობმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ოფისზე მოხდა.

”მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს აკეთებენ, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ. ვერც სიტუაციას აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრე და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.