ზურაბ პატარაძე აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

0
740

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობიდან ინფომაციით, ბათუმში მცხოვრებ აფხაზ ოჯახებთან შეხვედრა ე.წ. აფხაზეთის უბანში, ალექსანდრე აცამბას ოჯახში შედგა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე.

მათივე ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა და ზურაბ პატარაძემ აფხაზების აჭარაში დამკვიდრებისა და ცხოვრების საინტერესო ფაქტები მოისმინეს, ისაუბრეს აჭარაში მცხოვრები აფხაზებისა და ქართველების ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ქართულ-აფხაზურ საკითხებზე რეგიონში რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ.

ამავე საღამოს ახალი წიგნის “მამულისათვის თავდადებული” პრეზენტაცია გაიმართა.   აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირის ჟიული შარტავას შესახებ ახალი წიგნი პროექტ „ქართულ-აფხაზურის საგას“ ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ წარადგინა.

 

„თქვენ ნამდვილად საამაყო და ღირსეული მოქალაქეები ბრძანდებით ჩვენი ქვეყნისათვის და მე მიხარია, რომ  დღეს მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა იმართება ისეთი დიდი ქალბატონის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პატივსაცემი პიროვნების ოჯახში, როგორიც იყო ფერიდე აცამბა. დარღვეული ურთიერთობის აღდგენისა და გამთლიანების საქმეში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ბათუმელი აფხაზები საუკუნენახევარია არა მხოლოდ მშვიდობით თანაცხოვრობდნენ ჩვენს რეგიონში, არამედ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რეგიონის  კულტურულ და მეცნიერულ ცხოვრებაში და თქვენი ოჯახები არის ამის ნათელი მაგალითი“ , – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში არაერთმა ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ და სასახელო პიროვნებამ იცხოვრა და დატოვა საკუთარი კვალი. მათი შთამომავლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებსა და ღირსებას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here