თურქეთში ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით პარლამენტარის ენის ბერბეროღლუს 30 წლით დაპატიმრებას ითხოვენ

0
741

თურქეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის(CHP) დეპუტატის ენის ბერბეროღლუს წინააღმდეგ მმართველმა პარტიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარლამენტარს ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას აბრალებენ. დოკუმენტაციის, სავარაუდოდ, გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი მთავარი რედაქტორისთვის ჯან დუნდარისთვის მიწოდების გამო დეპუტატ ბერბეროღლუსთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.

სტანბოლის მთავარი პროკურატურის კვლევითი ბიუროს მიერ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დუნდარი თავის წიგნში და გაზეთში მისთვის განკუთვნილ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დოკუმენტაცია ფლეშდისკის საშუალებით მემარცხენე დეპუტატისგან მიიღო. ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოკვლეული იქნა სატელეფონო საუბრები და დადგინდა, რომ ჯან დუნდარი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს ელაპარაკა და ეს საუბარი 21 წამი გაგრძელდა.

″ეროვნული სადაზვერვოს სამსახურის(MIT) ტრაილერების საქმე″ თურქეთში, დიდი ხნის განმავლობაში საჯარო განხილვის საგანი იყო. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების მიერ ტრაილერების საშუალებით სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ისთვის უკანონოდ იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მთავრობა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ იარაღი სირიაში მცხოვრები თურქმენებისთვის იყო გაგზავნილი და ინფორმაციის გამვრცელებელი გაზეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული ″სახელმწიფო საიდუმლოს მოპოვებისა და გახმაურების″ ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული საქმის გამო ჯან დუნდარს 5 წლითა და 10 თვით, ხოლო ერდემ გიულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here