საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოსწევრების შეხვედრა გაიმართა. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, სამადლობელი სიტყვებით გახსნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მტკიცე პოზიციისთვის მადლობა მოახსენა.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე ნატო-სა და საქართველოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ღონისძიების მონაწილეებს დავით უსუფაშვილი მიესალმა და საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატოს წევრი ქვეყნების მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატოს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენ სტუმრობას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატოს თვითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში. საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატოს არაწევრ სახელმწიფოში ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე – კი თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე – რომელი გზა უფრო ახლოა და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენეთ დღეს დილის შეხვედრაზე, გვინდა რომ იყოს სწორად და პირდაპირ გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ნაყოფიერ მუშაობას დღეს მომდევნო სესიის განმავლობაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები და პარლამენტის ბიუროს წევრები დაესწრნენ.
2008 წლიდან მოყოლებული ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში. მისი გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავის ნატოს სამიტზე იქნა მიღებული.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან.
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.