ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

0
797

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით, მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას და პირველკურსელებს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. დღეს თქვენ შემოხვედით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. ბათუმის აკადემია – ეს არის ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათი, ჩვენი რეგიონის მომავალი. თქვენ ეუფლებით პროფესიას, რომელსაც შეაქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენი კუთხის, ჩვენი რეგიონის განვითარებაში. დღეს ბათუმის აკადემია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ ასწავლიან ჩვენი არაჩვეულებრივი, კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. თქვენ მიიღებთ განათლებას, რომელიც გამოგადგებათ თქვენს მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს ამ საამაყო პროფესიის დაუფლებაში”, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში 2200 სტუდენტი სწავლობს.

”აკადემია ამზადებს არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგით მეზღვაურებს სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში (ერთ წლიანი უფასო სწავლება), რაც ეხმარება კურსდამთავრებულს, მოკლე დროში დაეუფლონ აღნიშნულ კვალიფიკაციას. საზღვაო აკადემიის სტუდენტის დასაქმების არეალი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა. აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემთმფლობელ გემებზე”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, წელს, სასწავლებლმა სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიები შეიძინა. სანავიგაციო ხიდური საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

”ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით და იგი წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მილიონი ლარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში დამატებით გამოყო დაახლოებით 400 000 ლარი.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 15,000 მეზღვაურია. საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარი შემოაქვთ”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე და მთავრობის სხვა წევრები.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here