ჯორჯ ბენიტესი – ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, საქართველოში მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა ქვეყნის მიმართ

0
703

ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანმა ანალიტიკოსმა ვაშინგტონში ჯორჯ ბენიტესმა განუცხადა.

ჯორჯ ბენიტესის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დემონსტრირება იყო, რომ ნატო საქართველოს სერიოზულად აღიქვამს და ის ერთგულია საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების. ნატო-ს მაღალი რანგის ვიზიტის დროს ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდა. ამით დამტკიცდა, რომ ნატო-მ გააძლიერა ყურადღება ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასდა სამომავლო რეფორმებისა და ამოცანების განხორციელება საქართველოში.

”ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. ნატო-საქართველოს შორის არსებული არსებითი პაკეტი, ასევე ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ძალიან ღირებული ნაბიჯებია ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა, ნატო-საქართველოს ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, ღრმავდება, ძლიერდება როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის, ისე ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ახლა კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში ნატო-ს ბევრად მეტ აქტივობას აქვს ადგილი და მთლიანობაში, ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნატო-ში. საბჭოს ვიზიტი საქართველოში ამის კიდევ ერთი დასტურია”, – განაცხადა ჯორჯ ბენიტესმა.

კითხვაზე, ნატო-ს სამოქმედო გეგმის არქონის პირობებში, იქმნება თუ არა იმის განცდა, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელა და წევრობაც გვიანდება, ბენიტესის განცხადებით, წევრობა შიდა რეფორმებთან, მთავრობის ერთიან პოზიციასთან და რაც მთავარია-ალიანსის ყველა წევრის შემთხვევაში დიდ დროსთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული.

”წევრობისკენ სვლა გრძელი პროცესია, თუმცა ტემპს ორივე მხარე აყალიბებს. ერთი მხრივ, ეს არის თბილისი და მეორე მხრივ, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ის, თუ რამდენად მეტია სოლიდარობა, ერთიანობა საქართველოს მთავრობის შიგნით პოლიტიკური თუ სამხედრო რეფორმების გატარების მიმართულებით, ძალიან ბევრს განსაზღვრავს, რაც უფრო მალე და აქტიურად მოხდება ეს, გაწევრიანების ტემპიც უფრო სწრაფი იქნება”, – განაცხადა ჯორჯ ბენიტესმა.

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით გამართული სამხედრო წვრთნები რეგიონში უნიკალური თანამშრომლობის პრეცედენტია და მათი ეფექტურად განხორციელებით, ალიანსმა რუსეთს, რეგიონში მისი გაზრდილი მზადყოფნა და აქტიური მიდგომა აჩვენა.

”ამერიკის ჯარის, ისევე როგორც ალიანსის წევრების წვრთნებში ჩართულობა ეფექტურად ხდება. ამერიკელი საზღვაო ქვეითები კავკასიაში პირველად მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო სიმულაციებში. ეს პირდაპირი ნიშანია რუსეთისთვის, რომ რეგიონში ნატო ძლიერდება. ეს ასევე პასუხია რუსეთის სამხედროების მზარდ კონცენტრაციაზე რეგიონში, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს”, – განაცხადა ჯორჯ ბენიტესმა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here