მწერალთა სახლში ალბომის „ქართული ხატები“ პრეზენტაცია გაიმართება

0
1230

საქართველოს მწერალთა სახლში 14 სექტემბერს ალბომის „ქართული ხატები“ პრეზენტაცია გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფომაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, წიგნის ავტორი ნანა ბურჭულაძე და გამომცემელი გია ქარჩხაძე გაუძღვებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, “ქართული ხატები”  428 გვერდიანი, ილუსტრირებული, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი-ალბომია, რომელშიც წარმოდგენილია შუა საუკუნეების, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის შექმნილ-შეწირული ორასამდე ქართული ხატი. აღნიშნული ხატები ამჟამად თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული.

”წიგნში სრულადაა განხილული ქართული ხატწერა; თხრობას თან ერთვის ვიზუალური მასალა, რომელიც სპეციალურად ალბომისთვისაა გადაღებული; ქართული ტექსტის პარალელურად, ალბომს თან ახლავს ინგლისურენოვანი მოკლე ანოტაციები. წიგნი განკუთვნილია ფართო აუდიტორისათვის – როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებული მკითხველისთვის”, – აცხადებენ სამინისტროში.

პროექტის მიზანია, გააცნოს ფართო აუდიტორიას ინფორმაცია ქართული კულტურული მემკვიდროების ამ უნიკალური და უმნიშვნელოვანესი სფეროს შესახებ.

პროექტი „ქართული ხატები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ქარჩხაძის გამომცემლობის“ ორგანიზებით განხორციელდა.