საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

0
629

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს. ამ კონტექსტში, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით საქართველო-აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას გულისხმობს.

ყურადღება დაეთმო საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here